საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

David Jalagania

გამარჯობა.

მოგესალმებით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში საქართველოს საელჩოს სახელით.

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ჩვენი საელჩოს ვებ გვერდს, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოცილაურ სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ, გაეცნოთ საქართველო-შვეიცარიის და საქართველო-ლიხტენშტაინის თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებს და მნიშვნელოვან ეტაპებს, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს საელჩოს საქმიანობის შესახებ.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობისა და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომლის მოსახლეობისათვის მუდამ ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნება და შემწყნარებლობა, რაც 21-ე საუკუნის საქართველოსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჰარმონიული და ღირსეული არსებობის ძირითად, ურყევ და პრინციპულ პირობად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი ფასეულობების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების, კერძო საკუთრების პატივისცემისა და დაცვის, კარგი მმართველობის უზრუნველყოფის მიმართულებით. 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნების შესაბამისად განსაზღვრული, ქვეყნის განვითარების ძირითადი პრიორიტეტის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებით რეალიზაციის გზაზე საქართველომ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც ერთის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასევე ევროკავშირთან და EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო და  უვიზო მიმოსვლის რეჟიმების ჩამოყალიბებაში გამოიხატა, ხოლო მეორეს მხრივ ევროატლანტიკურ კავშირთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების, მათ შორის ასევე არსებითი პაკეტის რეალიზაციითა და საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობით დასტურდება.   

საერთაშორისო თანმეგობრობის მიერ ფართოდაა აღიარებული და შეფასებული საქართველოს წარმატება ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შედეგების მიხედვით.  მიუკერძოებელი და მაღალავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები ნათლად ადასტურებს საქართველოს, როგორც უნიკალური და ერთ-ერთი იაფი სატრანზიტო მარშრუტის მონაწილე, კონკურენტუნარიანი საინვესტიციო გარემოს, ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მქონე, ენერგომატარებლებით, განსაკუთრებით კი მწვანე ენერგეტიკის პოტენციალით მდიდარი, საერთაშორისო ტურიზმისათვის მიმზიდველი ბუნებრივი პირობებისა და მზარდი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს.  

მეამაყება და დიდ პატივად მივიჩნევ, რომ ჩემს სამშობლოს წარმოვადგენ შვეიცარიის კონფედერაციაში, ქვეყანაში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი დემოკრატიის გამოცდილების და ამავდროულად უახლესი, თანამედროვე და მოწინავე ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, მსოფლიო ცივილიზაციის მიერ მოპოვებულ საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებზე ორიენტირებული, თავისუფლებისა და საერთო-საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჰარმონიული განცდით განმსჭვალული მოქალაქეებით დასახლებული, მდიდარი ისტორიის, ლამაზი ბუნების, თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა.   

საქართველოს საელჩოს უპირველესი ამოცანა, ცხადია ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა, რაც ამავე დროს გულისხმობს დაფარვის ქვეყნებთან ორმხრივი, მრავალმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება-განვითარების ხელშეწყობას.

ამ კუთხით აღსანიშნავია შვეიცარიასთან უკვე არსებული საკმაოდ სოლიდური სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური თუ დარგობრივი თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა აუცილებელ დოკუმენტს მოიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), რომლის წევრიცაა შვეიცარია, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების პროცესში, შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულება, რომელიც 2009 წელს ორმხრივად გაფორმებული, რუსეთის ფედერაციაშიში შვეიცარიის მიერ საქართველოს ინტერესების დაცვის თაობაზე შეთანხმებას ეყრდნობა.

მჯერა, საქართველოს თანამშრომლობა შვეიცარიის კონფედერაციასთან, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით, კიდევ უფრო განვითარდება და გაფართოვდება, რისთვისაც საქართველოს საელჩოს ყოველი წევრი, თავიანთ შვეიცარიელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს.

ასევე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ლიხტენშტაინის სამთავროსთან, საქართველოს მეგობარ სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა და აღვნიშნო, რომ საელჩო და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ ამ სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

დაბოლოს, მსურს დაგარწმუნოთ, რომ შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მთელი შემადგენლობა მზადაა, ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს, ჩვენს თანამოქალაქეებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, აუცილებელი, დროული და კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ საქართველოს შესახებ მათთვის საჭირო და საინტერესო დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.

 

დავით ჯალაღანია

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი